დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

აღმოაჩინე შენი სამშობლო - საქართველო

  2357

აღმოაჩინე შენი სამშობლო - საქართველო

საქართველო სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარე პატარა ქვეყანაა,  პოლიტიკურად და კულტურულად კი ევროპის ნაწინად ითვლება. საქართველოს  დასავლეთით შავი ზღვა ესაზღვრება, სამხრეთით თურქეთი და სომხეთი , სამხრეთ აღმოსავლეთით აზერბაიჯანი, ჩრდილოეთით კი, თვალუწვდენელი კავკასიონის მთების მიღმა რუსეთი. სახელმწიფოს დედაქალაქია თბილისი რომელიც V ს- ით თარიღდება და ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული ქალაქია. 

საქართველო პატარა მაგრამ უნიკალური, მდიდარი კულტურისა და ისტორიის მქონე  ქვეყანაა. გამორჩეული და უნიკალურია მისი თვალწარმტაცი და მრავალფეროვანი ბუნება, არქიტექტურა. უძველესია ქვეყნის დამწერლობა, ისტორია, ტრადიციები, კულტურა, ქართული კერძები და სტუმართმოყვარეობა.   გამორჩეულია უძველესი ქალაქები, ისტორიული თუ ბუნების ძეგლები, სამკურნალო კურორტები, მღვიმეები, სხვადასხვა დაცული ტერიტორიები და მრავალი სხვა ტურისტული დანიშნულების ობიექტები.

საქართველო მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა. საქართველო მეორე ქვეყანა იყო მსოფლიოში რომელმაც ქრისტიანობა აღიარა სახელმწიფო რელიგიად IV ს-ში წმ. ნინოს ქადაგების შემდეგ. იცოდით რომ საქართველოში ყველაზე ბევრი ქრისტიანული ტაძარია წარმოდგენილი სხვა ქრისტიანულ ქვეყნებთან შედარებით? თითოეული მათგანი უნიკალურია თავისი ისტორიითა და არქიტექტურით.

მსოფლიოში ასევე იცნობენ საქართველოს როგორც „ღვინის სამშობლო“-ს. სწორედ აქ, ჩვენს ქვეყანაშია აღმოჩენილი ყველაზე ადრეული დაახ. 7000 წლის წინანდელი ღვინის წარმოების ნიშნები. რაც საქართველოს მსოფლიოს წინაშე წარადგენს როგორც „ღვინის სამშობლო“. ამ ფაქტს ადასტურებს არაერთი არქეოლოგიური აღმოჩენა. საქართველოში ყურძნის 500-ზე მეტი ჯიშია გავრცელებული, რომელთაგანაც უმაღლესი ხარისხის ღვინო მზადდება.

საქართველოს მსოფლიო იცნობს როგორც ევროპაში პირველ დასახლებას, სადაც პირველყოფილი ევროპელი ჰომინიდები ცხოვრობდნენ. საქართველოში კერძოდ დმანისის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ყველაზე ადრეული, 1.8 მლნ. წლით დათარიღებული ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები. სწორედ ეს აღმოჩენა ადასტურებს რომ პირველი ევროპელები  საქართველოს ტერიტორიაზე დასახლდნენ. 

მსოფლიოში სახელგანთქმულია უძველესი ისტორიის მქონე ქართული ხალხური ცეკვა და ქართული პოლიფონიური მუსიკა. ქართული ცეკვისა და მუსიკის ანსამბლები მთელი წლის მანძილზე მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობენ და კონცერტებს მართავენ. მათი გამოსვლების დროს მაყურებელი ოვაციებს და აღტაცებას ვერ მალავს. ყველას აღაფრთოვანებს ქართველი შემსრულებლების ხმებისა და ქართული მუსიკის ჟღერადობა, უნიკალური ქორეოგრაფიის რთული და თვალისმომჭრელი ელემენტებით გადმოცემული საქართველოს ისტორია.

მსოფლიოში ათასობით სხვადასხვა ენა არსებობს მაგრამ მათგან მხოლოდ 14 ენას აქვს საკუთარი დამწერლობა. მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი ქართული დამწერლობაა. არსებობს ვარაუდი იმისა რომ ქართული დამწერლობის შექმნა და გავრცელება ქართლის მეფე ფარნავაზ I- ის სახელს უკავშირდება ძვ.წ. III -ს-ში.    

საქართველოს კლიმატი და ბუნება არაერთგვაროვანია. ქვეყანაში ერთმანეთს ერწყმის სუბტროპიკული და ზომიერი ჰავები. არის ადგილებიც სადაც მთის და ზღვის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის და შესანიშნავ სამკურნალო ჰავას ქმნის დამსვენებლებისთვის. აქ ზაფხული მზიანი და ზომიერად ცხელია ზამთარი კი თოვლიანი და საკმაოდ ცივი. საქართველოს ბუნება გამოირჩევა სილამაზითა და მრავალფეროვნებით. შავი ზღვის ქვიანი და ყვითელი ხავერდოვანი სამკურნალო ქვიშის პლაჟები, სვანეთის ცამდე აზიდული თოვლიანი მწვერვალები, ყაზბეგის ალპური მდელოები, ჩანჩქერები, პტები, მდინარეები, ბოტანიკური ბაღები,დაცული ტერიტორიები და ხელუხლებელი ბუნების ძეგლები, ეს ყველაფერი მართლაც რომ გასაოცარ სილამაზეს სძენს ჩვენს ქვეყანას.

საქართველო კულტურულ - ისტორიულად იყოფა 2 ნაწილად - დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდ, მათ ლიხის ანუ სურამის ქედი ჰყოფს ერთმანეთისგან. საქართველო ასევე დაყოფილია 11 მუნიციპალიტეტად. თითოეული მხარე გამოირჩევა: უნიკალურობით, მრავალფეროვნებით, საკუთარი ტრადიციებით და ისტორიებით, ერთმანეთისგან განსხვავებული და მრავალფეროვანი ბუნებით, ისტორიული თუ ბუნების ძეგლებით, კულტურითა და ტრადიციული კერძებით. 

აფხაზეთი

აფხაზეთი საქართველოს ავტონომიური ერთეულია და ქვეყნის  ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ადმინისტრაციული ცენტრია სოხუმი.

აფხაზეთის ბუნება თვალისმომჭრელად ლამაზი და მრავალფეროვანია. რეგიონში წარმოდგენილია როგორც სამთო ისე საზღვაო კურორტები. რეგიონი წყალუხვი მდინარეებით და ულამაზესი ტბებითაც გამოირჩევა. აფხაზეთში სულ 186 ტბაა, მათგან აღსანიშნავია ულამაზესი, დიდი რიწის ტბა. აფხაზეთი ბიომრავალფეროვნებითაც გამორჩეული მხარეა, რეგიონის  ტერიტორიის 52%-ს ტყე შეადგენს. აფხაზეთის ფლორა 2000 სახეობისგან შედგება, მათგან 250-ზე მეტი სახეობა სამკურნალო მცენარეა, 133-ზე მეტი კი ენდემურია. აფხაზეთში ცხოველებიდან გავრცელებულია: ჯიხვი, კავკასიური ირემი, მურა დათვი და ა.შ. ფრინველებიდან კი არწივი, ყორანი, ქორი, ბუ და ა.შ. აფხაზეთში ფაუნისა და ფლორის დასაცავად შექმნილია რიწის, ბიჭვინთის, მიუსერის ნაკრძალები და სოხუმის ბოტანიკური ბაღი. აფხაზეთში მრავლადაა წარმოდგენილი საზღვაო კურორტები ესენია: სოხუმი, გაგრა, ბიჭვინთა, ახალი ათონი და სხვ.

აფხაზეთი მრავალფეროვანი ბუნების ძეგლებით მდიდარი რეგიონია, მათ შორის უმნიშვნელოვანესია მღვიმეები,  გამორჩეულია: ახალი ათონის მღვიმე, რომელიც  ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში მღვიმის დარბაზების გიგანტურობით. გამორჩეულია ასევე აბრსკილოს მღვიმე, ჭაღის მღვიმე, მღვიმე - უფსკრულების სისტემა, რომელიც პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე ღრმა უფსკრულია. 

მდიდარია რეგიონის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა რომელიც ათასწლეულებს ითვლის.რეგიონში არსებული ქრისტიანული ტაძრებიდან გამორჩეულად მნიშვნელოვანია: დრანდის ტაძარი, ახალი ათონის ტაძარი, ბზიფის კომპლექსი, ბიჭვინთის ტაძარი, ბედიის ტაძარი, სადაც ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III არის დაკრძალული. რეგიონში მდებარე ციხე-სიმაგრეებიდან აღსანიშნავია: აბაათის, სოხუმის, გაგრის, ბზიფის და განთიადის ციხეები. 

სამწუხარო და მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ აფხაზეთი ოკუპირებულია საქართველოს მეზობელი, ოკუპანტი რუსეთის მიერ, 1993 წლიდან. აფხაზეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი. აფხაზეთი საქართველოა! 

სამეგრელო ზემო სვანეთი

სამეგრელო ზემო სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და გამორჩეული მხარეა, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ფართობით მეორე რეგიონია ქვეყანაში. სამეგრელოს რეგიონის ცენტრია ზუგდიდი, სვანეთის კი მესტია.

სამეგრელო ზემო სვანეთის რაიონი მდიდარია კულტურული თუ ბუნების ძეგლებით, როგორც საზღვაო ისე სამთო კურორტებით, უნიკალური და არნახული სილამაზით გამოირჩევა სვანეთის კავკასიონის მუდმივად დათოვლილი მწვერვალები, მათგან აღსანიშნავია უშბის მწვერვალები რომლებიც გასაოცარი სილამაზითა და მიუდგომლობით იზიდავს მთამსვლელებს მთელი მსოფლიოდან. რეგიონს განსაკუთრებულს ხდის უძველესი და ტრადიციული სვანური კოშკები რომელსაც მსოფლიო ძეგლთა დაცვის ორგანიზაცია იცავს, არნახული სილამაზით გამოირჩევა მარტვილის კანიონი, რომელიც უნიკალურია არა მხოლოდ თვალწარმტაცი ხედებით, არამედ აქ აღმოჩენილი 75 მლნ. წლით დათარიღებული ცხოველების გაქვავებული ძვლებით, უნიკალურია კოლხეთის ეროვნული ნაკრძალიც, სადაც წარმოდგენილია რეგიონის მნიშვნელოვანი ტბა პალიასტომი. ტბაზე შესაძლებელია გასეირნება ნავებით და ფრინველებზე დაკვირვება. რეგიონში მრავლადაა წარმოდგენილი ტბები რომლებიც მათ ირგვლივ არსებული ბუნების სილამაზით იზიდავს დამსვენებლებს, გამორჩეული ტბებია: ქორულდის ტბები სვანეთში, ტბებს სვანეთის არნახული სილამაზის მქონდე მთები ამშვენებს. ტობა ვარჩხილი რეგიონის კიდევ ერთი გამორჩეული ბტაა, სადაც 1 გრამი სიბინძურეც კი არ არის. არსებობს ლეგენდა რის მიხედვითაც თუ ამ ტბას შეეხებოდნენ, ხელს ჩაყოფდნენ ან რაიმეს ჩაყრიდნენ მასში, მაშინვე საშინელი ჭექა-ქუხილი და წვიმა დაიწყებოდა. გარდა ამ ლეგენდისა დამსვენებლებს იზიდავს ტბის ირგვლივ  არსებული „ბუნების სასწაული“: ულამაზესი მთები, კლდეები, მყინვარები, ჩანჩქერები და ალპური ყვავილებით გადაჭედილი მდელოები. სამეგრელო მდინარეებითაც გამორჩეული მხარეა სადაც 2441 დიდი და პატარა მდინარეებია მათგან უდიდესია მდ. ხობის წყალი. სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის ფოლკლორი გამოირჩევა განსაკუთრებული დინამიურობითა და თავისებურობით და განსხვავდება ქვეყნის სხვა რეგიონების ფოლკლორისგან. აღარაფერს ვამბობ  რეგიონის ტრადიციულ და უძველეს სამზარეულოზე რომელიც რეგიონში ჩასულ ყველა სტუმარს აღაფრთოვანებს და უკან, მათთან დაბრუნების სურვილს უღვიძებს. 

სამეგრელო ზემო სვანეთის კულტურულ - ისტორიულ ძეგლებს წარმოადგენს: მარტვილის მონასტერი, ნოქალაქევი, ცაიშისა და წალენჯიხის კათედრალი, ხობის მონასტერი, რუხის ციხე, დადიანების სასახლე, სვანური კოშკები, უშგულის თემის სოფ. ჩაჟაში, რომელიც მუზეუმად არის ქცეული და იუნესკო იცავს. მაცხოვრის სახელობის ტაძრები მესტიაში და სხვა სვანეთის სოფლებში. რეგიონში მდებარე მნიშვნელოვანი მუზეუმებია: დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმები, სოფ. ჩაჟაშში მდებარე მუზეუმი.

სამეგრელო ზემო სვანეთის ცნობილი საზღვაო და სამთო კურორტებია: ანაკლია, ლებარდე, მენჯი, მუხური - ლუგელა, მესტია, , სოფ. ბეჩო, სოფ. კალა, სოფ. ადიში, ლენტეხი და ა.შ. რეგიონის ყველა კურორტი  გამოირჩევა არნახული სილამაზით, სამკურნალო წყლებითა და მთის კლიმატით.   

გურია

გურია საქართველოს დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის რეგიონში მდებარეობს. გურიას ჩრდილოეთით ესაზღვრება სამეგრელო, აღმოსავლეთით იმერეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით სამცხე-ჯავახეთი, სამხრეთით აჭარა, დასავლეთით კი შავი ზღვა. რეგიონის ცენტრია ოზურგეთი.

გურიის ბუნება ქვეყნის სხვა რეგიონების მსგავსად გამოირჩევა სილამაზითა და მრავალფეროვნებით. რეგიონში ქვეყნის ყველაზე ჭარბტენიანი  კოლხეთის ეროვნული პარკი, რომელიც მოიცავს პალიასტომის ტბას, სადაც ასობით სხვადასხვა გადამფრენი ფრინველი იყრის თავს სეზონზე. ქვეყნის უნიკალური სამთო და საზღვაო კურორტები, რომლებიც განსაკუთრებულია სილამაზითა და ყველა იმ სამკურნალო თვისებებით რაც შეიძლება ჰქონდეს სამთო და საზღვაო კურორტებს.  ბალნეოლოგიური კურორტები და მინერალური წყლები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით აქტიურად იყიდება. რეგიონი გამოირჩევა მდინარეებით, რომლებზეც იმართება საერთაშორისო საწყალოსნო სპორტული შეჯიბრებები, კერძოდ 2016 წელს გურიაში მდ. ბჟუჟზე გამართულ საწყალოსნო სპორტულ ღონისძიებაში 25 ქვეყნის სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. გამორჩეულია რეგიონის ფოლკლორი. სიმღერა აქაური ყოფის განუყოფელი ნაწილია. ქართულმა პოლიფონიამ გურულ სიმღერებში განვითარების მაღალ დონეს მიაღწია. გურული  „კლიმანჭული“ კი ქართული პილიფონიური ტრადიციის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. გამორჩეულია რეგიონის სტუმართმოყვარეობაც. აქ ჩასულ სტუმრებს უგემრიელესი კერძებით, გურული „კლიმანჭულით“ და იუმორით მასპინძლობენ.

გურიაში მდებარეობს ქვეყნის ერთ-ერთი ცნობილი სამკურნალო საზღვაო კურორტი - ურეკი. ეს ქვეყნის ერთადერთი ტერიტორიაა სადაც სამკურნალო მაგნეტიტური ქვიშის პლაჟია. რეგიონში მდებარე სხვა საზღვაო კურორტებია: გრიგოლეთი და შეკვეთილი. შეკვეთილში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური დენდროლოგიური პარკი, უმაღლესი დონის სასტუმრო - „პარაგრაფი“ და საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“ ( „Black sea arena“ ). 

გამორჩეულია გურიის მაღალმთიანი კურორტები:

  • ბახმარო მდებარეობს ჩოხატაურის რაიონში, ზ.დ. -დან თითქმის 2000 მ-ზე. აქ უნიკალური სამკურნალო ჰავა და ულამაზესი მთის პეიზაჟებია. ეს არის ადგილი სადა ზღვის და მთის ჰავა ერთმანეთს ერწყმის და იდეალურ სამკურნალო პირობებს ქმნის დამსვენებლებისთვის.
  • აღსანიშნავია კურორტი გომის მთა ოზურგეთის რ-ში, სადაც ღრუბლები მთებში ირევა და თვალისმომჭრელ სანახაობას ქმნის იქ მყოფი დამსვენებლებისთვის.
  • კურორტი ნაბეღლავი ჩოხატაურის რ-ში მდებარეობს. აქ მოიპოვება ბუნებრივი სამკურნალო წყალი ნაბეღლავი.

რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს მუზეუმები და უძველესი ისტორიული ძეგლები: ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი; ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; ნოდარდუმბაძის სახლ-მუზეუმი; ჯუმათის სამონასტრო კომპლექსი; ასკანის ციხე; ლიხაურის ეკლესია; შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი და ა.შ.        

აჭარა

აჭარის რეგიონი ქვეყნის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება გურია, აღმოსავლეთიდან სამცხე-ჯავახეთი; სამხრეთით თურქეთი, დასავლეთით კი შავი ზღვა.

რეგიონის მთავარი ქალაქია ბათუმი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი და უნიკალურია ქალაქია თავისი არქიტექტურით, თანამედროვე უმაღლესი დონის ბრენდული სასტუმროებით, შავი ზღვის პლაჟებით, ბოტანიკური ბაღით თუ სხვა დაცული ტერიტორიებით. ბათუმში წარმოდგენილია დელფინარიუმი და თანამედროვე უნიკალური ინფრასტრუქტურის მქონე ბულვარები, აქ გასეირნების დროს შეხვდებით: მოცეკვავე შადრევნებს;  მოძრავ ქანდაკებებს როგორიცაა „ალი და ნინო“; ანბანის კოშკს; არაორდინალური არქიტექტურის მქონე, განათებით გაფორმებულ ბრენდულ სასტუმროებს; ბუნგალოებსა და თვალისმომჭრელ შავი ზღვის პეიზაჟს. ზაფხულობით ყველაზე ბევრი დამსვენებელი სწორედ რომ აჭარას და ქალაქ ბათუმს სტუმრობს. ქალაქს, სადაც შესაძლებელია ერთდროულად გართობა; დასვენება; შემეცნებით ტურების მოწყობა, ზღვის კლიმატით მკურნალობა და სხვა მრავალი აქტივობა.

რეგიონის ბუნება გამოირჩევა უნიკალური სილამაზითა და მრავალფეროვნებით. ეს არის ადგილი სადაც ზღვა ეჯახება მთიანეთს. აქაც გურიის მსგავსად ზღვისა და მთების ჰავა უნიკალურ სამკურნალო პირობებს ქმნის. აჭარის რ-ში მტირალას ეროვნული პარკი და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალია წარმოდგენილი. ორივე დაცული ტერიტორია გამოირჩევა მთებით, მდინარეებით, და ულამაზესი ჩანჩქერებით. მაღალმთიანი კურორტებიდან აღსანიშნავია კურორტი ბეშუმი რომელიც მდებარეობს ზ.დ.-დან 1900 მ-ზე ხულოს მუნიციპალიტეტში. კურორტი გამოირჩევა მთის ბუნების თვალისმომჭრელი ხედებით, სუფთა ჰაერით, ტბებით, მთის მდინარეებითა და ჩანჩქერებით.

მწვანე კონცხი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა კურორტია, სადაც  მთის მწვანე კლდეები შავ ზღვაშია აღმართული. მწვანე კონცხის წყალ ქვეშა სამყარო მდიდარი და ულამაზესია დაივინგის მოყვარულთათვის. კურორტზე წარმოდგენილია სასტუმროები და რესტორნები.

აჭარის სხვა გამორჩეული საზღვაო კურორტებია: ქობულეთი, გონიო, კვარიათი და სარფი.

რეგიონის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს ისტორიული ციხეები, მუზეუმები და ეკლესიები: პეტრეს ციხე; წმ. გიორგის ეკლესია; ახალშენის ეკლესია; სხალთის მონასტერი; ქედას ეთნოგრაფიული მუზეუმი; აჭარის ეთნოგრაფიული მუზეუმი;  ხელოვნების მუზეუმი და ა.შ. რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია: აჭარული ცეკვა, ფოლკლორი და უგემრიელესი კერძები.           

იმერეთი

იმერეთი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს და ქვეყნის ერთ-ერთი  ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, მისი მთავარი ქალაქია ქუთაისი. იმერეთი დაყოფილია ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის დიდი ქალაქებია: ქუთაისი; ზესტაფონი; სამტრედია; საჩხერე; ჭიათურა; ხონი; ბაღდათი და ა.შ.

მრავალფეროვანია რეგიონის ფლორა და ფაუნა. მდიდარია მდინარეებითა და ჩანჩქერებით. ესენია: მუხურას ჩანჩქერი; სამცვერას ჩანჩქერი; ოკაცეს ჩანჩქერი; ქადაგიძის რაფის ჩანჩქერი; მდ. ძირულა; მდ. ჩხერიმელა; მდ. ყვირილა და სხვა.  რეგიონის ბუნების ძეგლების უნიკალურობას და მრავალფეროვნებას ადასტურებს იმერეთის ტერიტორიაზე წარმოდგენილი 3 დაცული ტერიტორია, ესენია:

ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც საქართველოში უდიდესი დაცული ტერიტორიაა, მოიცავს რამდენიმე რაიონს და ქვეყნის ტერიტორიის 1% -ზე მეტს შეადგენს.

სათაფლიას ნაკრძალი შექმნილია ტერიტორიაზე არსებული უნიკალური მღვიმეების და მათ ირგვლივ წარმოდგენილ ბუნებას. ამავე ნაკრძალში მდებარეობს ქვეყანაში ცნობილი „სათაფლიას მღვიმე“. იქ მისულ ვიზიტორებს საინტერესო და ულამაზესი სანახაობა ხვდება: მღვიმის ნაღვენთებით წარმოქმნილი სხვადასხვა ზომისა და ფორმის სვეტები და ფარდები, რომლებიც გაფორმებულია ფერადი სანათებით; მღვიმის დარბაზებში მიედინება მდინარეები და ჩანჩქერები, რომლებიც ტბებსა და ჭებს ქმნიან. გარდა ამისა მღვიმეს უნიკალურს ხდის  აქ აღმოჩენილი დინოზავრის 200 -მდე ნაკვალევი. მღვიმესთან ახლოს ყვავილებით დაფარული კლდეებია, სადაც ფუტკრის მრავალი ოჯახი ბინადრობს, სწორედ ამ ფაქტის გამო ეწოდა ნაკრძალს და მღვიმეს „სათაფლია“.

ოკაცეს კანიონი მდებარეობს ხონის მუნიციპალიტეტში. ეს არის კანიონი საქართველოში პირველი კიდული ბილიკებით. მდიდარია ულამაზესი ჩანჩქერებით; ტბებით და მდინარეებით.

აჯამეთის ნაკრძალი შექმნილია საინტერესო და მრავალფეროვანი მცენარეების, გარეული ფრინველების და ცხოველების დასაცავად.

იმერეთის მდიდარი და უნიკალური კულტურულ - ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენს: უბისის ტაძარი; გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მეფე დავით IV აღმაშენებელმა 1106 წელს დააარსა და რომელიც უდიდესი რელიგიურ, საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. აქ დაკრძალულია მეფე დავით IV აღმაშენებელი. აღსანიშნავია რომ ტაძარს მსოფლიო ძეგლთა დაცვის ორგანიზაცია იცავს. რეგიონში მდებარეობს ასევე ბაგრატის ტაძარი; მოწამეთას ტაძარი, მღვიმევის სამონასტრო კომპლექსი, კაცხის სვეტი და ა.შ. იმერული კულტურის განუყოფელი ნაწილია იმერული სუფრა, სტუმართმოყვარეობა და სიმღერები.

რეგიონში წარმოდგენილი მუზეუმებია: აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი; გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმები; ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი; რეგიონების მხარეთმცოდნეობის მუზეუმები.            

რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარე მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების რაჭის, ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიებს. რეგიონში ოთხი ადმინისტრაციული ერთეულია: ამბროლაური, ლენტეხი, ონი და ცაგერი. ადმინისტრაციული ცენტრია ამბროლაური.

ულამაზესი და მრავალფეროვანია რეგიონის ბუნება რომელიც თოვლიანი და წიწვოვანი ტყეების ქედებით არის მდიდარი. რეგიონი გამოირჩევა მდინარეებით, ჩანჩქერებით, ტბებით. მთავარი მდინარეა რიონი. რეგიონში წარმოდგენილია უძირო ტბა; სასვანოს ტბები; ზნაკვის ჩანჩქერი; ბარეულისა და აპანტის ჩანჩქერები; მურადის მღვიმე; ბუნებრივი გამოქვაბული - საყინულე და ა.შ. რეგიონის მდებარეობს შაორის წყალსაცავი რომელიც ყველაზე დიდია რეგიონში.

რაჭული კულტურა მრავალფეროვანი და საინტერესოა თავისი ფოლკლორით, ცეკვით, სამზარეულოთი და ტრადიციებით. რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა ვაზისადმი უსაზღვრო სიყვარულით გამოირჩევა. რეგიონში ვაზის 60-მდე ადგილობრივი ჯიშია. მათგან ყველაზე განთქმული ხვანჭკარის ღვინოა, რომლის ვაზი მხოლოდ სოფელ ხვანჭკარაში იზრდება.

რეგიონის კულტურულ - ისტორიულ ძეგლებს წარმოადგენს:

ნიკორწმინდა ეს არის ტაძარი რომელსაც ფასადის დეკორირების თვალსაზრისით საქართველოში ანალოგი არ აქვს. ასევე მდებარეობს ხოტევის ეკლესია; ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი; მურის ციხე; ლენტეხის წმ. გიორგის ეკლესია, დადიანების სასახლე და სვანური კოშკები.

რეგიონში წარმოდგენილი საინტერესო მუზეუმია: ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;

რეგიონში მდებარე სამთო კურორტებია: შოვი; ღები; ჭიორა; ბარდნარა; უწერა; ხიდიკარი და ა.შ.

სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთი ისტორიული მხარეა და საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია ახალციხე.

სამცხე-ჯავახეთი მთაგორიანი და კლდიანი მხარეა. დასერილია ხეობებით, წყაროებით, დიდი და პატარა მდინარეებით. რეგიონის მთავარი მდინარეებია: მტკვარი და ჭოროხი. სამცხე-ჯავახეთი მდიდარია ტბებით მათ შორის არის ქვეყნის ყველაზე დიდი ფარავნის ტბა.

რეგიონის ბუნება უნიკალური და მრავალფეროვანია, რასაც ადასტურებს მრავალი დაცული ტერიტორია და სამკურნალო კურორტები.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიები 2011 წელს შეიქმნა, რომელიც მოიცავს: ჯავახეთის ეროვნულ პარკს; ბუღდაშენის; ხანჩალის; მადათაფას; სულდას და კარწახის აღკვეთილებს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთ-ერთი  უდიდესია ევროპაში, მოიცავს 6 ადმინისტრაციულ რაიონს. პარკის განსაკუთრებულობა მდგომარეობს გეოგრაფიული და ეკოლოგიური ზონების მრავალფეროვნებაში. პარკი მდიდარია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებით კურორტებით და დასახლებული პუნქტებით.

რეგიონში წარმოდგენილი კურორტები განთქმულია უნიკალური სამკურნალო ჰავით და წყლებით. გამორჩეული კურორტებია: ბორჯომი; ბაკურიანი; აბასთუმანი; საირმე - ბაღდათი; ნუნისი; სურამი; მარელისი.

სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს ქვეყნის უძველესი და უნიკალური არქიტექტურის მქონე ისტორიული ძეგლები: რაბათის ციხე; აწყურის ციხე-სიმაგრე; საფარის მონასტერი; ოქროს ციხე; ზარზმის მონასტერი; ხერთვისი ციხე; თმოგვის ციხე; ვანის ქვაბები; ფოკის ციხე და უნიკალური XIII ს-ის კლდეში გამოკვეთილი ვარძია, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და შთამბეჭდავი ისტორიული ძეგლია საქართველოში. ვარძიის მშენებლობა მეფე გიორგი III- ის და მისი მემკვიდრის მეფეთ, მეფე თამარის მეფობის პერიოდებს უკავშირდება.

რეგიონში წარმოდგენილი მუზეუმებია: ახალციხის ისტორიული მუზეუმი; ბორჯომისა და ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმები.           

შიდა ქართლი        

შიდა ქართლი საქართველოს ისტორიული მხარეა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ადმინისტრაციული ცენტრია გორი.

რეგიონი გამოირჩევა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. აქ წარმოდგენილი ისტორიული ძეგლებია: გორის ციხე; ატენის სიონი, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია. XII-XIII სს-ის ყინწვისის საეკლესიო კომპლექსი; სამთავისის ტაძარი; უძველესი „უფლის ციხე“; რკონის კომპლექსი; ისტორიული ურბნისი; VII-IX ს-ის რუისის ღვთისმშობლის ტაძარი; ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი; სურამის ციხე და სხვა მრავალი ისტორიულ-კულტურული ნაგებობა.

რეგიონში შესაძლებელია ჩატარდეს: კულტურულ - შემეცნებითი ტურები; პილიგრიმული ტურები; არქეოლოგიური ტურიზმი; აგრო - ტურიზმი; საფეხმავლო ტურები.

რეგიონში წარმოდგენილი მუზეუმებია: იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი; მხარეთმცოდნეობის მუზეუმები; სტალინის მუზეუმი.

ქვემო ქართლი

ქვემო ქართლი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. რეგიონი 7 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება, ესენია:  რუსთავი; ბოლნისი; გარდაბანი; დმანისი; თეთრიწყარო; მარნეული და წალკა.

ქვემო ქართლში წარმოდგენილი ტბები და მდინარეებია: მტკვარი, ხრამა და ალგეთის ქვემო დინებები, ჯანდარის ტბა, წურბლიანის ტბა, არყიანის ტბა, ბარეთის ტბა და გრძელი ტბა. რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს წალკის; დმანისის და ალგეთის წყალსაცავები. რეგიონში წარმოდგენილია ალგეთის ეროვნული პარკი, რომელიც 1965 წელს შეიქმნა უნიკალური მცენარეების დასაცავად. ეროვნული პარკი მოიცავს მდინარეებს, თრიალეთის ქედსა და  ტყეებს.

ქვეყნის ეს ისტორიული მხარე სავსეა უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენებითა და კულტურულ ისტორიული ძეგლებით.

ქვემო ქართლი განსაკუთრებით საინტერესოა არქეოლოგიური თვალსაზრისით. კერძოდ დმანისში უმნიშვნელოვანესი გათხრების შედეგად აღმოაჩინეს დიდი რაოდენობის უძველესი ცხოველების ძვლები და პრიმიტიული ქვის იარაღები. უძველესი ადამიანების ნაშთების აღმოჩენამ კი ის მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქცია, რადგან  ეს ნაშთები 1,8 მლნ. წლით დათარიღდა. ისინი არა მხოლოდ უძველეს კავკასიელებად, არამედ პირველ ევრაზიელებადაც

ითვლებიან. მსოფლიო მათ ზეზვას და მზიას სახელით იცნობს. მათი მულაჟები თბილისის სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

რეგიონის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს: დმანისის უდიდესი ციხე-ქალაქი; ბირთვისის ციხე; ხულუტის ციხე; გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი; ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი; სამშვილდის ციხე-ქალაქი; ბოლნისის სიონი; წუღრუღაშენის ეკლესია; მანგლისის ეკლესია; ბეთანიის მონასტერი. ყველა ეს ციხე-ქალაქი თუ მონასტერი უძველესი და უნიკალურია თავისი არქიტექტურით და ისტორიით.

რეგიონში წარმოდგენილი მუზეუმებია: დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ- ნაკრძალი; დმანისის არქეოლოგიური მუზეუმი; მხარეთმცოდნეობის მუზეუმები და ა.შ.

მცხეთა-მთიანეთი

მცხეთა-მთიანეთი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქვეყნის ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი მხარეა და უნიკალურია მრავალფეროვანი ბუნებით, უძველესი ისტორიული ძეგლებით თუ სამთო კურორტებით. აქ ერთმანეთის გვერდი - გვერდაა კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი მთები და მწვერვალების ულამაზესი ხეობები, სადაც ჩაკარგულია ტბები და ალპური ველ-მინდვრები. საოცრად ლამაზია ხევისა და ხევსურეთის კავკასიონი. იგი ციცაბო ფერდობებით ეშვება არაგვის ვაკეზე და განუმეორებელ პეიზაჟს ქმნის.

რეგიონის მთავარი ქალაქი, მცხეთა საქართველოს უძველესი დედაქალაქი იყო, სწორედ მისგან დაიწყო ქართული ცივილიზაციის ისტორია. მცხეთაში მიიღეს პირველად ქრისტიანობა და აქვე აშენდა პირველი ქრისტიანული ტაძარი, უნიკალური და შეუფასებელი სვეტიცხოვლის ტაძარი. ეს ულამაზესი, ისტორიული ძეგლებით გაჯერებული, პატარა დასახლება შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, როგორც ქალაქი - მუზეუმი მცხეთა.

რეგიონში მდებარეობს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სამთო-სათხილამურო კურორტი – გუდაური, რომელიც წარმოდგენილია კავკასიონის მთავარ ქედზე, თბილისიდან 120 კმ-ში. კურორტზე თანამედროვე უმაღლესი დონის სასტუმროები და სასრიალო ტრასებია მოწყობილი და ყოველწლიურად მრავალ დამსვენებელს მასპინძლობს.

რეგიონის კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა უძველესი, შეუფასებელი და უნიკალურია ისტორიითა და არქიტექტურით. ეს ძეგლებია: სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი რომელიც პირველი ქრისტიანული ტაძარია ქალაქ მცხეთაში.  სვეტიცხოველი ყველაზე დიდი,სათაყვანებელი საეკლესიო ნაგებობა და საეკლესიო ცენტრია საქართველოში. საუკუნეების  მანძილზე  ტაძარი მეფეთა საძვალეც იყო. აქ დაკრძალულია ქვეყნის გამოჩენილი მეფეები: ვახტანგ გორგასალი; ერეკლე II; გიორგი XII და სხვა დიდებულები. ტაძარი გამორჩეულია იმითაც რომ აქ დაკრძალულია უფლის კვართი.

რეგიონში მდებარე სხვა ისტორიული ძეგლებია: მცხეთის ჯვრის მონასტერი; სამთავროს მონასტერი; ზედაზნის მონასტერი; შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი; წილკნის კომპლექსი; ანანური; სნოს ციხე; მთაზე აღმართული უნიკალური გერგეთის სამება.

მცხეთა-მთიანეთში წარმოდგენილი მუზეუმებია: მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი; დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი; ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და ა.შ. 

თბილისი

თბილისი საქართველოს ცენტრი და დედაქალაქია, მნიშვნელოვანია იმითაც რომ ისტორიული და უძველესი ქალაქია მცხეთის შემდეგ. სწორედ თექვსმეტი საუკუნის წინ მეფე ვახტანგ გორგასალმა ნადირობის დროს, დღევანდელი თბილისის ტერიტორიაზე აღმოაჩინა ბუნებრივად ცხელი წყლები, ამ ფაქტმა დაუდო საფუძველი ამ ტერიტორიაზე გაშენებულიყო ქალაქი, რომელსაც თბილისი ეწოდა. მეფემ სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა. დაარსების დღიდან თბილისი მტრებს მრავალჯერ გადაუწვამთ, დაურბევიათ, დაუნგრევიათ, დიდი ხნის მანძილზე დაპყრობილიც ყოფილა მაგრამ უკვე თექვსმეტი საუკუნეა ამაყად დგას, როგორც ქალაქი, ისე მისი უნიკალური და ისტორიული ძეგლები. ძეგლები რომლებიც თანამედროვე არქიტექტურას შესანიშნავად ერწყმის. ეს არის ქალაქი სადაც ერთმანეთის გვერდი - გვერდ  არის ძველი ისტორიული თბილისის ქუჩები, უძველესი გოგირდის აბანოები და თანამედროვე არქიტექტურით გაჯერებული მოედნები. ქართული ქრისტიანული უძველესი არქიტექტურის მქონე ტაძრები და სინაგოგები.თბილისს შუაზე ჰყოფს მდინარე მტკვარი, რომელიც ქალაქს მეტ ინტერესსა და ხიბლს სძენს. თბილისს შუაზე ჰყოფს მდინარე მტკვარი, რომელიც ქალაქს მეტ ინტერესსა და ხიბლს სძენს.

თბილისის უძველეს და საინტერესო კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს: გოგისდის აბანოები ძველ თბილისში; ჭრელი აბანო - სპა ცენტრი; სიონის საკათედრო ტაძარი; მეტეხის ტაძარი; ანჩისხატის ბაზილიკა; ნარიყალას ციხე; სინაგოგები და კათოლიკური ტაძრები;  მამადავითის ეკლესია; სამების საკათედრო ტაძარი, რომელიც ყველაზე დიდი და ულამაზესი საკათედრო ტაძარია მოოქროვილი გუმბათით. გამორჩეულია როგორც ტაძრის არქიტექტურა ისე ბაღის, საიდანაც თბილისის ხედი იშლება.

გარდა ამ ისტორიული ძეგლებისა თბილისში ჰყოფნის დროს აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ მთაწმინდა; ევროპის მოედანი სადაც მშვიდობის ხიდი და საბაგიროა, საიდანაც შეძლებთ თბილისის ხედების უკეთ დანახვას. ასევე უნდა მოინახულოთ უნიკალური და ულამაზესი თავისუფლებისა და რუსთაველის მოედნები, სადაც თბილისის ეროვნული მუზეუმი, წმ. გიორგის მოოქროვილი ქანდაკება მოედნის ცენტრში, ქაშვეთის ტაძარი, ბრენდული სასტუმროები და რესტორნები, გალერეა, პარლამენტის შენობა თუ სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობებია წარმოდგენილი. გარდა ამისა ამ მოედნებს ქართველებისთვის ისტორიული დატვირთვა აქვს რაც ნათლად ჩანს მათი სახელწოდებიდან.  აუცილებლად უნდა მოინახულოთ ნარიყალა, თბილისის ბოტანიკური ბაღი და სხვა მრავალი საინტერესო ადგილი.

მუზეუმები თბილისში: საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი (ხელოვნების სასახლე); თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ; ილუზიების მუზეუმი; საქართველოს ეროვნული მუზეუმი; მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი; ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი; თბილისის ისტორიის მუზეუმი; ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი; ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი და მრავალი სხვა.

კახეთი

კახეთი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ორი მეზობელი ქვეყანა - აზერბაიჯანი და რუსეთი ესაზღვრება. რეგიონის ცენტრი არის ისტორიული ქალაქი თელავი, რომელიც არის ყველაზე დიდი ქალაქი კახეთში. თელავი ერთ-ერთი  ყველაზე ძველი და ისტორიული ქალაქია ქვეყანაში და რომელიც კახეთის სამეფოს დედაქალაქი იყო. ქალაქი ასევე ცნობილია უმშვენიერესი ხედებით, ისტორიული მუზეუმებით, სასახლეებით და ა.შ.

კახეთი საქართველოს ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი და მრავალფეროვანი მხარეა. აქ ერთმანეთის გვერდი - გვერდ მდგარ კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიან მთებს, მწვერვალებს, უღელტეხილებს, ვაკე - დაბლობს და რაოდენ საოცრადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ნახევარ უდაბნოსაც კი შეხვდებით. კახეთის რეგიონს ეკუთვნის არნახული სილამაზის მქონე თუშეთი. რეგიონში არაერთი დაცული ტერიტორიაა რაც განპირობებულია კახეთის ბუნების ძეგლების მრავალფეროვნებითა და უნიკალურობით. კახეთის დაცული ტერიტორიებია:

●  ლაგოდეხის დაცული ტერიტორია სადაც გადაშენების პირას მყოფი ცხოველები, ულამაზესი ჩანჩქერები,  ტბები და ბუნების ძეგლები ერთად არის თავმოყრილი.

●  მარიამჯვრის დაცული ტერიტორია რომელიც აერთიანებს მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალს; ყორუღის აღკვეთილს და იორის აღკვეთილს.

●  ვაშლოვნის დაცული ტერიტორია რომელიც კახეთის ორ მთავარ მდინარეს იორსა და ალაზანს შორის არის მოქცეული. მოიცავს ვაშლოვნის ნაკრძალს, ვაშლოვნის ეროვნულ პარკს და „არწივის ხეობა“.

● თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი რომელიც შეიქმნა ტერიტორიაზე არსებული  ბიომრავალფეროვნების დასაცავად, მათ შორის არის გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და ენდემური ჯიშის მცენარეები.

რეგიონში მდებარე კლიმატური ტიპის კურორტებია: არხილოსკალო; უჯარმა; ყვარელი და ახტალა რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ სამკურნალო ჰავით არამედ უნიკალური სამკურნალო ტალახით.

აღსანიშნავია კახეთისა და კახელების გულითადი სტუმართმოყვარეობა, ტრადიციული სამზარეულო და უნიკალური ქართული /კახური ღვინო რომელიც რეგიონის სავიზიტო ბარათია. რეგიონის სადაც არის  მრავალი თანამედროვე ღვინის ქარხნები და მარნები. ქარხნებში და მარნებში მზადდება უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინო. მათი კარი მუდმივად ღიაა ვიზიტორებისთვის.  კულტურულ და ბუნების ძეგლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ ტურისტები აქ სწორედ რომ კახური ღვინის, კახური მწვადისა და ჩურჩხელის დასაგემოვნებად ჩამოდიან. კახეთი კი უამრავ აღტაცებულ ტურისტს  მასპინძლობს.

განუმეორებელია კახეთში მდებარე  ისტორიული ძეგლები, რომელთა არქიტექტურა უნიკალურია და საუკუნეებს ითვლის. მათ შორის აღსანიშნავია: XI ს-ის ალავერდის საკათედრო ტაძარი; ნეკრესის მონასტერი; გურჯაანის ყველაწმინდა; ხორნაბუჯის ციხე-ქალაქი; ახალი შუამთა; ძველი შუამთა; იყალთოს მონასტერი; დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი; ბოდბის სამონასტრო კომპლექსი; გრემის ეკლესია; ბახტრიონის ციხე და მრავალი სხვა უნიკალური და საინტერესო ისტორიული ძეგლი.

კახეთში ბევრი საინტერესო მუზეუმია წარმოდგენილი. ესენია: ს. მირიანაშვილის სახლ-მუზეუმი; ს.შანშიაშვილის სახლ-მუზეუმი; ა. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და მარანი; რეგიონების მხარეთმცოდნეობის მუზეუმები და ა.შ.  

#აღმოაჩინესაქართველო 

ატვირთვის თარიღი: 2022-04-24

arrow